რა არის ენდომეტრიოზი

27 March

დაავადების სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება პინეოს მეან-გინეკოლოგი თამუნა გრძელიშვილი

ენდომეტრიოზი ესტროგენ დამოკიდებული კეთილთვისებიანი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება. კერების დაზიანებები, როგორც წესი, ლოკალიზებულია მენჯში, მაგრამ შეიძლება მოხდეს მრავალ ადგილას, მათ შორის ნაწლავში, დიაფრაგმასა და პლევრის ღრუში. ის აღენიშნება რეპროდუქციული ასაკის ქალების 5-10%-ს. ენდომეტრიოზი შეიძლება დაიწყოს პირველი მენსტრუაციის დროს და გაგრძელდეს მენოპაუზის დაწყებამდე.

რა იწვევს ენდომეტრიოზს და რა წარმოადგენს მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს?

ენდომეტრიოზის განვითარების ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. სავარაუდოა, რომ ენდომეტრიოზის მიზეზი მულტიფაქტორულია, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი არსებობს, ყველაზე სარწმუნოდ ითვლება რეტროგრადული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუალური სისხლი, რომელიც შეიცავს ენდომეტრიუმის უჯრედებს, მიედინება უკან ფალოპის მილების გავლით და მენჯის ღრუში გროვდება.  რეტროგრადულმა მენსტრუაციამ შეიძლება გამოიწვიოს ენდომეტრიუმის მსგავსი უჯრედების დეპონირება საშვილოსნოს გარეთ, სადაც მათ შეუძლიათ იმპლანტაცია და ზრდა.

რაც შეეხება რისკ-ფაქტორებს, არსებობს ენდომეტრიოზის განვითარების გაზრდილ რისკთან დაკავშირებული ფაქტორები, ესენია: ოჯახური ისტორია და გენეტიკური წინასწარგანწყობა, არანამშობიარები ქალები, ენდოგენური ანუ ორგანიზმის მიერ სინთეზირებული ესტროგენის ხანგრძლივი ზემოქმედება (მაგალითად, ადრეული მენარქე-ანუ პირველი მენსტრუალური ციკლი) ან გვიანი მენოპაუზა, მოკლე მენსტრუალური ციკლის არსებობა, ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა, მენსტრუალური გადინების ობსტრუქცია.  და ასევე აღსანიშნავია რისკ-ფაქტორები, რომლებიც ამცირებს ენდომეტრიოზის განვითარებას, ესენია: ხშირი ორსულობა-მშობიარობა, ხანგრძლივი ლაქტაცია, გვიანი მენარქე.

როდის მივიტანოთ ეჭვი დაავადებაზე?

დაავადების კლინიკური ნიშნები განსხვავებულია და დამოკიდებულია ენდომეტრიოზის ფორმაზე, მის მდებარეობასა და სიმძიმეზე. ენდომეტრიოზის მთავარი სიმპტომია მცირე მენჯის ღრუში ტკივილი, რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე და გრძელდება მენსტრუალური ციკლის პერიოდშიც.

ენდომეტრიოზის დროს ირღვევა მენსტრუაციული ციკლი. კერძოდ, აღინიშნება გახანგრძლივებული და ჭარბი მენსტრუაცია, რომელსაც ხშირად წინ უსწრებს მცირეოდენი მუქსისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. ასევე, აღსანიშნავია ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს და ტკივილი შარდვისა და დეფეკაციის დროს. გარდა ამისა, ენდომეტრიოზის სიმპტომები შეიძლება, ასევე, მოიცავდეს ზურგისა და წელის ტკივილს.

ამ პათოლოგიის დროს ქალს ზოგჯერ არაფერი აწუხებს. მათთვის დაავადების შესახებ მას შემდეგ ხდება ცნობილი, რაც ისინი ექიმთან უშვილობის ჩივილით მიმართავენ ექიმს. ენდომეტრიოზის მქონე ავადმყოფებში უნაყოფობის სიხშირე შედარებით მაღალია.

ენდომეტრიოზი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ რეპროდუქციულ ასაკში. ამასთან, მენოპაუზის (მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტის) დადგომის შემდეგ ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ქრება და მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში და მკურნალობა?

ენდომეტრიოზის დიაგნოსტირება რთული პროცესია.

პინეო სამედიცინო ეკოსისტემაში ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებს დიაგნოსტირება უტარდება უახლესი აპარატურით და მივმართავთ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ანამნეზის გამოკითხვის შემდეგ, დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პათოლოგიის აღმოსაჩენად ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა ან MRI. საშვილოსნოს ყელის ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდია კოლპოსკოპია. თუ სიმპტომები რჩება და დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა ულტრაბგერითი კვლევით, კლინიკაში შესაძლებელია ენდომეტრიოზის დიაგნოზირების “ოქროს სტანდარტის” დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიის ჩატარებაც.

ენდომეტრიოზის დროს ჰორმონულ, სიმპტომურ და ფიზიოთერაპიულ მკურნალობას აწარმოებენ, თუმცა შეხორცებების და ნაწიბურების ან დიდი ზომის ენდომეტრიული კისტების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაინიშნოს ქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია და დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმესა და სასურველი ორსულობის დადგომასთან.

ენდომეტრიოზისგან სრულად განკურნება არ ხდება, თუმცა თანამედროვე მედიცინის დახმარებით, ამ პრობლემის მართვა შესაძლებელია. დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ამარტივებს მკურნალობას, ამიტომ მნიშვნელოვანია ქალებმა რეგულარულად მიმართონ გინეკოლოგს და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.