მეცნიერებათა აკადემია მთავრობას ქირურგიული სამსახურების პრობლემების გადაჭრის ხედვას გაუზიარებს – რეკომენდაციების შემუშავებაში „პინეოს“ პროფესორები ჩაერთნენ

14 March

ქირურგიული სამსახურის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მეცნიერებათა აკადემიაში 28 თებერვალს გამართულ შეხვედრაში „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ პროფესორები სიტყვით გამოვიდნენ.  

დაარსების დღიდან „პინეო“ მუდმივად უწყობს ფეხს მედიცინის თანამედროვე მიდგომებს, შეისწავლის არსებულ გამოწვევებს და ცდილობს, პაციენტებს უახლესი, მაღალტექნოლოგიური, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შესთავაზოს.

სწორედ სამედიცინო ინოვაციების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა, თსსუ-ს პროფესორმა კახა ნურალიძემ სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგ სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ ვიწრო, ე. წ. მხოლოდ ქირურგიულ ჭრილში თემის განხილვა დღევანდელი მედიცინის გადმოსახედიდან მოძველებულია. მისი თქმით, თანამედროვე მედიცინა ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება და ინტერაქტიური დარგი ხდება, რაც, სამედიცინო დაწესებულებებს, პირველ რიგში, პოლიმორბიდული, მულტიდისციპლინური მიდგომებისკენ უბიძგებს.

„შესაბამისად, ქირურგიული სამსახური ძველებური მიდგომით ვერ გადაჭრის მის წინაშე მდგარ ამოცანებს სხვა სამედიცინო მიმართულებებთან მჭიდრო და განუყოფელი არათუ მხოლოდ „თანამშრომლობის“, არამედ რეალური შერწყმის გარეშე. პირველ რიგში, ეს მიმართულებებია – ანესთეზიოლოგია და რადიოლოგია, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ფართომასშტაბიანი ქირურგიული ოპერაციების სტრატეგიული დაგეგმვა, შესაძლო ინტრაოპერაციული გართულებების პროგნოზირება და შესაბამისი პროფილაქტიკის უზრუნველყოფა“, – განაცხადა კახა ნურალიძემ.

სხდომის თანამომხსენებელმა, „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ბარიარტრიული და მეტაბოლური ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ ჯანელიძემ ბარიარტრიული და მეტაბოლური ქირურგიის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წონის კორექცია  მოდური, ტრენდული ან საკუთარი სურვილის განხორციელების საშუალება არ შეიძლება იყოს. მან ხაზი გაუსვა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული ოპერაცია შეიძლება პაციენტის ფიზიკური და მორალური გამოფიტვის მიზეზი გახდეს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპერაცია უკუნაჩვენებია ონკოლოგიური, ალკოჰოლდამოკიდებული და მენტალური ავადმყოფობის მქონე პაციენტებისათვის“, – ამბობს მერაბ ჯანელიძე.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა დავით მიქელაძემ და რამაზ შენგელიამ, პროფესორებმა არჩილ ჩხოტუამ, რამაზ ყურაშვილმა, ბეჟან წინამძღვრიშვილმა, თენგიზ ცერცვაძემ, კოტე ყიფიანმა, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის, X რეგულირების სამმართველოს უფროსმა, მედიცინის დოქტორმა მარინე ბადიაურმა.

სხდომას მეცნიერებათა აკადემიის მედიცინისა და ფიზიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხეცურიანი თავმჯდომარეობდა.

შეხვედრაზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქირურგიული სამსახურის მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მეცნიერებათა აკადემია შეიმუშავებს რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გაეგზავნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.