რა არის გესტაციური დიაბეტი?

27 December

ნახშირწყლოვანი ცვლის ნებისმიერი სახის დარღვევას, რომელიც პირველი ორსულობის მეორე ან მესამე ტრიმესტრში ვლინდება ორსულთა დიაბეტს უწოდებენ. დაავადების ეს განსაზღვრება არ გამორიცხავს იმას, რომ პაციენტს ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა ორსულობამდეც ჰქონდა. ორსულთა შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი სპეციფიკური მიზეზები ცნობილი არ არის. ზოგადად ითვლება რომ იგი ორსულებისთვის დამახასიათებელ ჰორმონალურ და მეტაბოლურ გადაწყობას უკავშირდება. ორსულობის ადრეულ ვადებში თუ ნაყოფის ენერგიით და ნუტრიენტებით ადეკვატური მომარაგების მიზნით პერიფერიულ ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ შენარჩუნებული და ზოგჯერ მომატებული არის, ორსულობის მეორე ტრიმესტრის შუა პერიოდიდანპერიფერიულ ქსოვილთა მგრძნობელობა ინსულინის მიმართ თანდათანობით პროგრესულად მცირდება.

ორსულობის ვადის მატებასთან ერთად სისხლში მნიშვნელოვნად მატულობს ისეთი ჰორმონების კონცენტრაცია, როგორიცაა ესტროგენები, პროგესტერონი ადამიანის პლაცენტარული ლაქტოგენი და პროლაქტინი. ბევრი ამ ჰორმონთაგანი, განსაკუთრებით პლაცენტარული ლაქტოგენი და კორტიზოლი, არიან ინსულინის ანტაგონისტები. ეს ხელს უწყობს ინსულინრეზისტენტულობის განვითარებას, რასაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოჰყვეს გლუკოზისადმი ტოლერანტულობის დარღვევა და ე.წ. ორსულთა დიაბეტის განვითარება. ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ფიზიოლოგიური ორსულობის პირობებში აღნიშნული ცვლილებების პარალელურად, მნიშვნელოვნად მატულობს ინსულინის სეკრეციაც, რის გამოც სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მთელი დღე-ღამის განმავლობაში საკმაოდ ვიწრო ფარგლებში მერყეობს. ორსულობის პერიოდში გლუკონეოგენეზი ითრგუნება მისი ძირ-სუბსტრატის, ამინომჟავა ალანინის შედარებითი უკმარისობის გამო. დედის ორგანიზმში ალანინის დაქვეითება აიხსნება პლაცენტის მიერ მისი შთანთქმის გაძლიერებით. ასევე მომატებულია პლაცენტის მიერ გლუკოზის ათვისების ინტენსივობაც, ამით აიხსნება ის რომ ორსულობის მე-10 კვირიდან მე-16 კვირამდე გლოკემია უზმოდ ჩვეულებრივზე ნაკლებია. შემდეგ კი ეს მაჩვენებელი თანდათან იზრდება 32-2 კვირამდე. მოგვიანებით კი იგი კვლავ ქვეითდება და ორსულობის ბოლოს გლოკემია უზმოდ კვლავ იზრდება.

დედის სისხლიდან გლუკოზა პლაცენტის გავლით ხვდება ნაყოფის სისხლში. გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება დედასა და ნაყოფს შორის გარკვეული პარარელიზმით ხასიათდება, ამიტომ დიაბეტის დროს დედის ჰიპერგლიკემია ნაყოფის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატების მიზეზი ხდება. არსებობს დამაჯერებელი დასაბუთება, რომ დედის გლუკოზის დონე პირდაპირ კავშირშია მაკროსომიასთან.

ორსულთა დიაბეტი გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე, რაც დაბადებისას მისი დიდი მასით (მაკროსომია) და ადრეულ ჩვილ ასაკში ჰიპოგლიკემიური რეაქციებით, სიყვითლით, პოლიციტემიით, ჰიპოვალმიით ვლინდება. ორსულთა დიაბეტის დროს ხშირია მკვდრადშობილობა და მიკსროსომიით განპირობებული სამშობიარო ტრავმები.

ქალები, რომლებიც მაღალი რისკის მატარებლები არიან, აქვთ ორსულობის არასასურველი გამოსავალი. ამიტომ სწორი და ადრეული დიაგნოსტირება, მკურნალობის დროული დაწყება ამცირებს გართულებების და არასაიმედო გამოსავლის რისკს. ორსულთა დიაბეტის სიხშირე მაღალია. იგი 3-10%-ს უტოლდება.

საკამათო თემაა, უნდა ჩაუტარდეს თუ არა სკრინინგი ყველა ორსულს. აღმოჩნდა, რომ იმ ქალებს, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ რისკ ფაქტორები 2.8%-ში განუვითარდათ გესტაციური დიაბეტი.

რომელია ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც მიგვანიშნებენ გესტაციური დიაბეტის განვითარების დიდ ალბათობაზე?

ამერიკის დიაბეტთა ასოციაციის მიერ მოწოდებულია შემდეგი ფაქტორები:

•             შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;

•             სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2;

•             სიმსუქნე ბავშვობაში;

•             ორსულობის ასაკი >25;

•             ანამნეზში მშობიარობა დიდი ნაყოფით;

•             ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;

•             ეთნიკური წარმომავლობა;

•             ანამნეზში მკვდრადშობადობა;

•             ნაყოფის განვითარების მანკი;

•             დედის წონა დაბადებისას >4.1კგ ან < 2.7კგ;

•             პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი;

•             გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;

•             ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია;

•             ორსულობის პირველ ტრიმესტრში წონის სწრაფი მატება;

•             სანაყოფე წყლების სიჭარბე.

ენდოკრინოლოგი, მაკა გურგენიძე