როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებისგან?

10 July

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ზაფხულის ცხელი ამინდების დადგომასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რათა დაიცვას თავი კარდიოვასკულარული დაავადებების გართულებისგან, ამის შესახებ ექიმი-კარდიოლოგი, პინეოს კარდიოლოგი ზურაბ კლიმიაშვილი გვესაუბრება:

„ზაფხულის თბილმა ამინდებმა და ადამიანის ცხოვრების სტილის გარკვეული ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე. შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი:

სიცხე და მისი ეფექტი: ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება დამატებით დატვირთოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელთაც უკვე აქვთ გულის პრობლემები. ზაფხულში, სიცხეში ხანგრძლივმა ყოფნამ  შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია (ორგანიზმში სითხის რაოდენობის შემცირება), რასაც ორგანიზმი პასუხობს გულისცემის გახშირებით და არტერიული წნევის ცვლილებით.

ფიზიკური აქტივობა: ზაფხული ხშირად ხელს უწყობს გარე აქტივობებსა და ვარჯიშებს, როგორიცაა ცურვა, ველოსიპედით სიარული ან ლაშქრობა. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ზოგადად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, იმ ადამიანებში, რომლებიც არ არიან მიჩვეულები ვარჯიშს, ან მათში, ვისაც გულის პრობლემები აქვთ, შეიძლება გაიზარდოს დაავადების გამწვავების რისკი.

კვება: ზაფხულში იცვლება ადამიანის კვების რაციონიც. შესაძლოა, მოიმატოს ნაყინის, ცივი შაქრიანი ან  ალკოჰოლური სასმელების მომხმარებამ. კვებას, თუ არ იქნება დაბალანსებული, გავლენა ექნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე.

როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, აქაც საჭიროა ყველაფრის ბალანსი და დროული საპრევენციო ვიზიტი ექიმთან. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს:

  • დალიეთ ბევრი წყალი მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ცხელ ამინდში, რათა თავიდან აირიდოთ დეჰიდრატაცია და ხელი შეუწყოთ  გულ-სისხლძარღვთა სისტემის სათანადო ფუნქციის შენარჩუნებას. გულის ქრონიკული უკმარისობისა და არტერიული  ჰიპერტენზიის მქონე ადამიანებმა ამ საკითხზე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
  • ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ აქტივობას, ივარჯიშეთ დღის გრილ მონაკვეთებში, როგორიცაა დილა ან საღამო. თუ ძალიან ცხელა, იფიქრეთ შიდა აქტივობებზე ან აირჩიეთ ნაკლებად დატვირთული ვარჯიშები.
  • დაიცავით თავი მზის ზედმეტი ზემოქმედებისგან მზისგან დამცავი კრემის, ქუდის და გრილი ტანსაცმლის ტარებით.
  • იკვებეთ დაბალანსებულად: ზომიერი ულუფები განაწილებული 3-4-ჯერ დღეში. მიირთვით ხილი (უმჯობესია დღის პირველ ნახევარში), ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული, ცილების შემცველი საკვები და ჯანსაღი ცილები.  შეზღუდეთ შაქარი, ცხიმში შემწვარი საკვები.
  • ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგებული და საკმარისი ძილი.”