როდის უნდა ეწვიოს ორსული პირველ ვიზიტზე გინეკოლოგს?
ჯანმრთელ ახალშობილზე ზრუნვა მომავალმა დედამ ორსულობამდე უნდა დაიწყოს. იმისთვის, რომ ორსულობის მსვლელობისას თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა პრობლემები აუცილებელია ორსულობის დაგეგმვა. ამიტომ პირველი ვიზიტი ქალმა უმჯობესია განახორციელოს ორსულობის დასაგეგმად.
რა უნდა მოიმოქმედოს, როდესაც დასტურდება ორსულობა?
ორსულობის 7-8 კვირის ვადაზე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი ორსულობის დადასტურების მიზნით. ამ ვიზიტის დროს, ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება, რათა დადასტურდეს ორსულობა საშვილოსნოს ღრუში და ექიმმა გამორიცხოს სხვადასხვა გართულება, მაგალითად: გარე ორსულობა.
ამ ვადაზე უკვე შესაძლებელია მოისმინოს ნაყოფის გულისცემა.
როდის ერთვება ორსული ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში?
ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამაში ორსული უნდა ჩაერთოს არაუგვიანეს ორსულობის 12 კვირისა. პირველი ვიზიტი ითვალისეინებს გამოკვლევებს:
სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა, გამოკვლევა შიდსზე, სიფილისზე, B და C ჰეპატიტებზე, ვაგინალური ნაცხის განსაზღვრა ფლორაზე, შარდის საერთო ანალიზი.
მეორე ვიზიტს ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა ითვალისწინებს 18-20 კვირაზე, თუმცა 12 კვირაზე აუცილებლად ვაკეთებთ ულტრაბგერით გამოკვლევას, როდესაც ხდება ე.წ. ”კისრის ნაოჭის” გაზომვა, რომ გამოირიცხოს დაუნის სინდრომი. აუცილებლად კეთდება შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, უსიმპტომო ბაქტერიების გამორიცხვის მიზნით.
აქვე ვთავაზობთ პაციენტებს პრენატალურ სკრინინგს, ორმაგ გენეტიკურ ტესტს, რომელიც კეთდება 11-13 კვირაზე, ეს არის ქორიონული გონადოტროპინისა და ორსულობასთან ასოცირებული პლაზმის პროტეინის განსაზღვრა, რომელიც გვეხმარება გამოვრიცხოთ გენეტიკური პათოლოგიები. კიდევ ერთ, სამმაგ გენეტიკურ ტესტს ვთავაზობთ ორსულობის 16 კვირაზე, რომელიც გულისხმობს ალფაფეტოპროტეინის, ქორიონული გონადოტროპინისა და თავისუფალი ესტრიოლის განსაზღვრას, რომლის ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ორმაგი გენეტიკური ტესტისა, თუმცა ამით არ მთავრდება გენეტიკური კვლევების ნუსხა.
რაც შეეხება ორსულობის მესამე ვიზიტს, ხორციელდება 26 კვირის ვადაზე, მნიშვნელოვანია ამ ვადაზე ვიზიტი, რადგანაც სწორედ ამ ვადაზე ხდება სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე.
ორსულობის შემდგომი ვიზტების დროს, ხდება ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და სხვადასხვა ტიპის, საჭირო კვლევების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს ორსულობის სწორ მიმდინარეობას. საყურადღებოა ვიზიტი ორსულობის 36-38 კვირაზე, რა დროსაც განისაზღვრება ნაყოფის მდგომარეობა და ხდება მშობიარობის დაგეგმვა.