რა გავლენას ახდენს ორსულობა მხედველობაზე და როგორია თვალთან დაკავშირებული ჩივილების სიხშირე?
ორსულობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ორსულს სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და ყურადღება ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ამ პერიოდში თითქმის ყველა ორგანო არაბუნებრივ დატვირთვას განიცდის და მათ შორის გამონაკლისს არც მხედველობის ორგანო წარმოადგენს. ორსულობის პერიოდში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები გარკვეულწილად გავლენას ახდენს მხედველობაზე. აღმოჩნდა, რომ ორსულთა 40%–ს უვითარდება მხედველობის ორგანოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ჩივილი. საბედნიეროდ, უმეტესი მათგანი კეთილსაიმედოა და გაქრება მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, თუმცა 10% საყურადღებოა და საჭიროებს ოფთალმოლოგთან დროულ კონსულტაციას, შესაძლოა, საჭირო გახდეს მშობიარობის დაგეგმვა საკეისრო კვეთით.
ორსულობის რა ვადებზეა რეკომენდებული ოფთალმოლოგთან ვიზიტი?
პირველი ოფთალმოლოგიური გამოკვლევა სასურველია ჩატარდეს ყველა ორსულთან ორსულობის პირველ თვეებში 4-5 თვემდე. შემდეგ ვიზიტებს თავად ოფთალმოლოგი გეგმავს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბოლო ვიზიტი რეკომენდებულია ჩატარდეს მშობიარობამდე 1 თვით ადრე.
რა ჩივილებით მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
ორსულთა ყველაზე ხშირი ჩივილი არის მხედველობის გაბუნდოვნება ერთ ან ორივე თვალზე. როგორც წესი, ეს ჩივილი გაივლის მშობიარობიდან რამდენიმე კვირაში, მაგრამ საჭიროებს გამოკვლევას, რომ გამოირიცხოს თვალის დაავადება. მხედველობის გაბუნდოვნებას განაპირობებს ორსულობის დროს ორგანიზმში წყლის შეკავება. აღნიშნული იწვევს: თვალის რქოვანა გარსის სისქის ან სიმრუდის ცვლილებას, ბროლში სითხის შეკავებას და მის რეფრაქციულ ცვლილებას ან ინტრაოკულარული წნევის მომატებას.
ორსულობის დროს მიოპიის პროგრესირება ან გაჩენა 1.5 დიოპტრიის ფარგლებში არ საჭიროებს კორექციას და ნორმალიზდება მშობიარობის შემდეგ. მისი მიზეზია ორსულობის დროს ყველა შემაერთებელი ქსოვილის გადაჭარბებული ელასტიკურობა, მათ შორის თვალის ელასტიკურობის მომატება.
მეორე ხშირი ჩივილი ორსულებში არის თვალის სიმშრალე, რაც გამოწვეულია ცრემლის პროდუქციის შემცირებით. ამ დროს შეიძლება აღინიშნოს:
- თვალის სიწითლე
- მომატებული ცრემლდენა
- მხედველობის გაბუნდოვნება
- სიმხურვალის ან უცხო სხეულის შეგრძნება თვალში.
თუ ორსული მოიხმარს კონტაქტურ ლინზებს, თვალის სიმშრალით გამოწვეული ჩივილები ზოგჯერ უფრო მძაფრდება და ჩვენი პირველი რეკომენდაციაა დამატენიანებელი წვეთების ხშირი გამოყენება, თუ წვეთები პრობლემას ვერ აგვარებს, მაშინ უმჯობესია დროებით შეწყდეს ლინზის გამოყენება და კორექცია გაკეთდეს სათვალით. მყარი ლინზის მომხმარებლებში ხშირად გაძნელებულია ლინზის ამოღება, მისი მოხმარება იწვევს ტკივილს და სიწითლეს.
ასევე აღსანიშნავია ქრონიკული ბლეფარიტის გააქტიურება ორსულებში. განსაკუთრებით მწვავდება დემოდეკოზური ბლეფარიტი. დემოდექსი არის წამწამის მიკროსკოპული პარაზიტი–ტკიპა, რომელსაც უსიმპტომოდ ატარებს მოსახლეობის უმეტესობა, მაგრამ ორსულებში იმუნიტეტის დაქვეითება იწვევს მის გააქტიურებას და გარკვეულ ჩივილებს. ძირითადად ეს არის ქუთუთოს ქავილი, ნადები წამწამის ძირებზე, სიწითლე და დისკომფორტი. ორსულობის პერიოდში მკურნალობა მოიცავს წამწამის ძირების გაწმენდას ქუთუთოს ლოსიონებით და დამატენიანებელი წვეთების გამოყენებას.
რომელი ჩივილებია საყურადღებო და საჭიროებს დროულად ოფთალმოლოგის კონსულტაციას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორსულობის დროს გაჩენილი მხედველობის გაბუნდოვნება გარდამავალია და მშობიარობის შემდეგ მოწესრიგდება, თუმცა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ მხედველობასთან დაკავშირებული შემდეგი ჩივილები:
- გაორება
- მხედველობის დაკარგვა
- შავი ლაქების გაჩენა
- ფარდის ჩამოფარების შეგრძნება
- ნათებები ან მოცურავე წერტილების გაჩენა
- შუქზე მომატებული მგრძნობელობა.
თუ აღნიშნული ჩივილები არ გაივლის 24 საათის განმავლობაში, აუცილებელია დროული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა!
გარდა მხედველობის ჩივილებისა, რა გარეგნული ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს?
ორსულობის დროს ჰორმონალური ცვლილებები 75 %-ში იწვევს მელაზმას, სახის კანზე პიგმენტური ლაქების გაჩენას, ზოგჯერ ეს ლაქები ჩნდება ქუთუთოზე და ჩვეულებრივ ღიავდება დროთა განმავლობაში, მშობიარობიდან დაახლოებით 12 თვეში.
ორსულებში ზოგჯერ გვხვდება ზედა ქუთუთოს დაშვება–ქუთუთოს პტოზი. რომელიც არის ზომიერად გამოხატული და შეიძლება იყოს ერთ მხარეს. ეს მდგომარეობა განპირობებულია ქუთუთოს ამწევი კუნთის აპონევროზში სითხის შეკავებით. თუ პტოზი არ არის ასოცირებული გუგის რეფლექსების დარღვევასთან, მაშინ არ საჭიროებს ნევროლოგის მეთვალყურეობას და მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის.
ორსულთა 10 %–ში გვხვდება სუბკონიუნქტივალური ჰემორაგია, მკვეთრად წითელი თვალი, რომელიც ვიზუალურად იწვევს ორსულის და მისი ახლობლების მღელვარებას. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ეტაპზე, ორსულობის პერიოდში, ღებინებისას, ასევე მშობიარობის დროს ან მშობიარობის შემდეგ პერიოდში. კონიუნქტივალური სისხლჩაქცევა მკურნალობას არ საჭიროებს და როგორც წესი, 1–2 კვირაში გაივლის. იშვიათად ლორწოვანის ჰემორაგია თან ახლავს კონიუნქტივიტს, რომლის გამომწვევი მიზეზია ენტეროვირუსი და ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია დიაგნოსტირების დროს.
ორსულობის დროს რომელ თანმხლებ დაავადებებს სჭირდება განსაკუთრებული მეთვალყურეობა ოფთალმოლოგის მხრიდან?
მკურნალმა ექიმმა უნდა უზრუნველყოს პაციენტის ინფორმირება ოფთალმოლოგიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით, თუ მას უკვე დადასტურებული აქვს თვალის პათოლოგია ან ორსულობა მიმდინარეობს არაფიზიოლოგიურად. ორსულობამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება შედეგი პათოლოგიების დროს:
- არტერიული ჰიპერტენზია
- პრეეკლამფსია და ეკლამფსია
- დიაბეტური რეტინოპათია
- გრეივსის დაავადება (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი-ბაზედოვის დაავადება)
- იდიოპათიური ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია
- მრავლობითი სკლეროზი
- ჰიპოფიზის ადენომა
- ანემია
- უვეიტით მიმდინარე სისტემური დაავადებები.
ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს ყველა ორსულს აქვს ერთი მთავარი კითხვა, შეძლებს თუ არა ფიზიოლოგიურად მშობიარობას? არსებობს თუ არა მკაცრად განსაზღვრული პათოლოგიები, სადაც რეკომენდებულია მშობიარობა წარიმართოს საკეისრო კვეთით?
ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები. დღესდღეობით ვიტრეო–რეტინალური ქირურგიის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ოფთალმოლოგები უფრო თამამნი გავხდით ამა თუ იმ პათოლოგიის მიმართ, რადგან ვიცით პრობლემის აღმოცენების შემთხვევაში მისი სწორად მართვა. მხოლოდ თვალის დაავადებების ჩამონათვალი ვერ იქნება მთავარი გადამწყვეტი ამ საკითხში. აქ გასათვალისწინებელია პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ასაკი, თანმხლები დაავადებების სიმძიმე, მშობიარობის რიგითობა, ოფთალმოლოგიური დაავადების დინამიკა, თვალზე გადატანილი ქირურგიული ჩარევები და ა.შ. ასე რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ზოგად ჭრილში რთულია, თუმცა შემიძლია დაგისახელოთ რამდენიმე დაავადება, რომლის დროსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ. მაგალითად ბადურა გარსის მწვავე, ქრონიკული ან ოპერირებული ჩამოცლა, ბადურის ნახევი ან დისტროფია, ბადურის პროლიფერაციული დაავადებები, მაღალი ხარისხის მიოპია, ვასკულიტი და ა.შ.
და ბოლოს, რას ურჩევთ ორსულს რომ დაიცვას მხედველობა?
ორსულებს ვურჩევ, რომ ყურადღება მიაქციონ ქუთუთოს ჰიგიენას, სიმშრალის ჩივილების არსებობისას გამოიყენონ თვალის დამატენიანებელი წვეთები და შეამცირონ ეკრანებთან ურთიერთობა. აუცილებლად, ერთხელ მაინც მიმართონ ოფთალმოლოგს სრული გამოკვლევისთვის, მიუხედავად ჩივილების არარსებობისა. სპეციალისტის მიერ რისკების სწორი შეფასება საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ სერიოზული გართულებები და შევინარჩუნოთ მხედველობა.