საშვილოსნოს ყელის კიბოს, გავრცელების მიხედვით, ქალებში მე-4 ადგილი უკავია. აღნიშნული დაავადების გამო, ყოველწლიურად ინვაზიური ყელის კარცინომის 570 000 შემთხვევა დიაგნოსტირდება და 31 100 ქალი იღუპება.
რა არის ამ ონკოლოგიური პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები?
საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანის პაპილომავირუსია. ადამიანის პაპილომავირუსი ყველაზე გავრცელებულ სქესობრივი გზით გადამდებ ვირუსს წარმოადგენს. ის პატარა, ორმაგი ჯაჭვის მქონე DNA-ის (დნმ) შემცველი ვირუსია და მისით მხოლოდ ადამიანები ინფიცირდებიან. არსებობს პაპილომავირუსის 200-მდე ტიპი. 40 სახეობა აზიანებს გენიტალურ მიდამოს, აქედან 14 გახლავთ მაღალი რისკის მატარებელი ვირუსი (hrHPV).
დადასტურებულია მისი კავშირი მალიგინიზაციის პროცესის ჩამოყალიბებასთან. ცნობილია, რომ მაღალი რისკის მატარებელი ადამიანის პაპილომავირუსი (hrHPV ) ანოგენიტალური სისტემის – საშვილოსნოს ყელის კიბოს, საშოს ვულვის, ანუსის, სასქესო ასოს კიბოს გამომწვევ აგენტს წარმოადგენს.
პაპილომავირუსი ასევე ოროფარენგიალური და ანალური კიბოს გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორსაც წარმოადგენს (დადასტურებულია, რომ hrHPV-ით ინფიცირებისას 2-4 ჯერ მატულობს პირის ღრუს ბრტყელუჯრედოვანი კიბოს რისკი).
პაპილომავირუსი ელიმინირდება 12 თვის მანძილზე, თუმცა მაღალი რისკის შემცველი პაპილომავირუსის ხანგრძლივი პერსისტირების შემთხვევაში (საშუალო ვადა 10 წელი), კანცეროგენული ცვლილებები, კერძოდ კი ბრტყელუჯრედოვანი ინტრაეპითელური ნეოპლაზია ან კარცინომა ვითარდება.
საშვილოსნოს ყელის, ოროფარენგეალური, ანუსის, სასქესო ასოს კიბოს სიმსივნეების შემთხვევაში პრევალირებს ვირუსის 16 და 18 ტიპები.
ვირტუალურად საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევა ასოცირდება hrHPV სთან. ტიპებთან მიმართებით შემთხვევების განაწილება ასეთია:
16 ტიპი – 50%;
18 ტიპი -20%;
31, 33, 45, 52, 58 ტიპები – 19%.
ვულვისა და საშოს კიბო, განსხვავებით საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, ყველა შემთხვევაში, არ ასოცირდება პაპილომავირუსისთ ინფიცირებასთან.
რამდენად მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და ვაქცინაცია?
სკრინინგი ეფუძნება მაღალი რისკის პაპილომავირუსის დიაგნოსტიკას, ციტოლოგიური ცვლილებების გამოვლენას, რაც ასევე პაპილომავირუსის მაღალონკოგენური ტიპების ხანგრძლივი პერსისტენციითაა გამოწვეული.
აშშ-სა და სხვადასხვა წამყვანი ასოციაციების და ორგანიზაციების მიერ მოწოდებული გზამკვლევები ერთხმად ადასტურებენ HRHPV-ის მნიშვნელობას საშვილოსნოს ყელის სკრინინგში.
ვაქცინაცია წარმოადგენს hr HPV ინფიცირებისა და მისი გართულებების პრევენციას.
ვაქცინაციის სტატუსი არ ცვლის სკრინინგის ალგორითმს!
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი გამოავლენს პრეკანცერულ ცვლილებებს საშვილოსნოს ყელზე და იძლევა საშუალებას ჩატარდეს მკურნალობა დროულად, საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბებამდე. სკრინინგი გულისხმობს hr HPV გამოვლენას, ცერვიკალურ ციტოლოგიას – ე.წ პაპ ტესტს ან ორივე ტესტის ერთდროულ გამოყენებას.