რა არის ვარდისფერი ოქტომბერი?
მსოფლიოში, ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას “ ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ.ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელსაც, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ხნის ისტორია აქვს, Estee Lauder -ია. 1993 წელს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ეველინ ლაუდერმა ძუძუს კიბოს კვლევითი ორგანიზაცია დააარსა. სწორედ ეველინ ლაუდერს და Self Magazine-ის მთავარ რედაქტორს, ალექსანდრა პენის ეკუთვნის ვარდისფერი ბაფთის იდეა, რომელიც მომდევნო წლებში მთელი ამ კამპანიის სიმბოლოდ იქცა. Estee Lauder კამპანია, რომელიც 27 წელზე მეტია გრძელდება, ჯამში 60-ზე მეტ ძუძუს სიმსივნის ორგანიზაციას სოლიდური თანხით დაეხმარა.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ მიზანია გაზარდოს ცნობიერება მოსახლეობაში ძუძუს კიბოს რისკების შესახებ, რომ კიბო განაჩენი არ არის და რომ პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ქალბატონმა ჩაიტაროს სკრინინგი.
თუ არსებობს ავადობის სტატისტიკური მონაცემები და როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობაზე? ძუძუს კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის პირველ ადგილზეა და 21-საუკუნის აქტუალური პრობლემად ითვლება. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იუწყება, ყოველწლიურად მსოფლიოში ძუძუს სიმსივნის 1.3 მილიონი ახალი შემთხვევა ვლინდება, რომელთაგან დაახლოებით 458 000 სამწუხაროდ, ფატალური შედეგით სრულდება. ზოგადი სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაბალგანვითარებულ ქვეყნებზე მოდის, იქ, სადაც რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის და პირველ რიგში ფინანსური პრობლემების გამო, ქალებს საშუალება არ აქვთ დროული დიაგნოსტირება ჩაიტარონ ან სულაც პრევენციას მიმართონ. საქართველოში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით ძუძუს კიბო მნიშვნელოვნად გახშირდა და ქალთა პოპულაციაში სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს . თუმცა, ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ დაგვიანებული მიმართვიანობა ექიმთან, რაც ძუძუს კიბოს განკურნების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ დროული ვერიფიკაციის შემთხვევაში დიდ პროცენტში მიიღწევა სრული რემისია.
ძუძუს კიბოს განვითარების რა რისკ – ფაქტორები არსებობს?
დამტკიცებულია მემკვიდრეობითი მიდრეკილება ძუძუს კიბოსადმი. ძუძუს კიბოს შემთხვევებში სისხლით ნათესავებში (დედა, განასაკუთრებით 40 წლამდე), გენური მუტაციის BRCA-1 და BRCA-2 არსებობის შედეგად. ჰორმონული გავლენა- ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძუძუს განვითარებასა და ფუნქციონირებაში. ძუძუს ქსოვილის განვითარება იწყება მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბებასთან ერთად, ხოლო ქსოვილის საბოლოო დიფერენცირება ორსულობის დროს ხდება. ამიტომ ითვლება, რომ ამ მოვლენებს შორის ჯირკვლის ქსოვილზე სხვადასხვა ფაქტორის (რადიაცია, ესტროგენები) ზემოქმედებამ შეიძლება მოახდინოს ყველაზე დამაზიანებელი გავლენა. კონტრაცეპტივებისა და ჩამნაცვლებელი ჰორმონოთერაპიის გამოყენება პათოლოგიური კლიმაქსისა და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ (10 წელი და მეტი) ზოგჯერ იწვევს ძუძუს კიბოს განვითარების რისკის მატებას, თუმცა მცირედ. არსებობს ძუძუს კიბოს განვითარების რამდენიმე თეორია: პროლაქტინის სიჭარბის, მელატონინის დეფიციტისა და თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენების გავლენის შესახებ. დღეისთვის არც ერთი მათგანი არაა დამტკიცებული ან უარყოფილი. მაიონიზებელი რადიაცია- ქალები, რომლებსაც მრავალჯერ ჩაუტარდათ გულმკერდის ყაფაზის რენტგენოლოგიური კვლევა ტუბერკულოზის გამო ან სხივური თერაპია შუასაყარზე, გაცილებით უფრო ხშირად ავადდებოდნენ ძუ-ძუს კიბოთი. იაპონიაში ძუძუს კიბოთი ავადობის მატება აღინიშნა ატომური დაბომბვების შემდეგ გადარჩენილთა შორის. ყველაზე დიდი რისკი აღნიშნულია ძუძუს დასხივებისას 10-დან 20 წლამდე ასაკში, რაც მიუთითებს ასევე ჯირკვლის არასრულად დიფერენცირებული ქსოვილის კანცეროგენური ფაქტორებისადმი მაღალ მგრძნობელობაზე. კვების ფაქტორი-მრავალრიცხოვანმა კვლევამ დაადგინა კავშირი ცხოველური ცხიმების მოხმარებასა და ძუძუს კიბოს წარმოქმნას შორის, თუმცა კიბოს განვითარებაზე დიეტის გავლენის მექანიზმი გაურკვეველია. ძუძუს კიბოს აღმოცენების რისკი შეიძლება გაზარდოს ესტროგენების სინთეზის გაძლიერებამ მენოპაუზისას ჭარბწონიან ქალთა ცხიმოვან ქსოვილში.
ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს წარმოქმნას, სავარაუდოდ, არაა შესაძლე-ბელი და მიზანშეწონილი, ხოლო მათი არარსებობა არ იძლევა დაავადების თავიდან აცილების გარანტიას. ამიტომ პრაქტიკულ მუშაობაში დაავადების რისკის შესაფასებლად ჩვეულებრივ ითვალისწინებენ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს:
• მდედრობითი სქესი;
• ადრეული (12 წლამდე) ან გვიანი მენარქე;
• მენოპაუზის გვიანდელი დადგომა (55 წლის შემდეგ);
• გვიანდელი პირველი მშობიარობა (30 წლის შემდეგ) და არანამშობიარევი ქალები;
• 50 წელზე უფროსი ასაკი;
• ძუძუს ქსოვილის ატიპიური ჰიპერპლაზია ; ოჯახის 2 წევრისა და მეტის ძუძუს ოჯახური კიბო (განსაკუთრებით პრემენოპაუზის დროს პირდაპირ ნათესავებში) 40 წლამდე;
• BRCA-1 და BRCA-2 გენური მუტაციების მაღალი ექსპრესია; • ანამნეზში ძუძუს კიბო;
რა არის ის ნიშნები, როცა ქალი აუცილებლად უნდა მივიდეს ექიმთან?
ყველაზე ხშირად გვხვდება კვანძის ადგილობრივი ზრდა. პალპაციით (ფიზიკალური გასინჯვით) ვლინდება მკვრივი, მომრგვალო, ხორკლიანი, არამკაფიო კონტურების მქონე უმტკივნეულო წარმონაქმნი, ხშირად შეზღუდულად მოძრავი მიმდებარე ქსოვილების შეშუპების გამო. ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს დვრილის გადახრა გვერდზე, მისი ფიქსაცია ან შეწევა. ზოგჯერ სიმსივნური კვანძის ზედაპირზე კანი ფიქსირებულია ან შეწეულია . კანის ლიმფური შეშუპება („ლიმონის ქერქი”) დაავადების გვიანდელი სიმპტომია.
რა პრობლემებია ამ მიმართულებით და ძირითადად, რა ასაკიდან იწყება ძუძუს კიბოს ონკოლოგიური დაავადება?
ზოგადად, გარდამავალი ასაკიდან (14 -17 წლის ასაკი), როდესაც უკვე ყალიბდება სარძევე ჯირკვალი, პრაქტიკულად ნებისმიერი მდედრობითი სქესის ინდივიდს შეიძლება განუვითარდეს ძუძუს სხვადასხვა პათოლოგია. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებას, ძირითადი ასაკობრივი ზღვარი გადის 40-დან 70 წლამდე, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ტენდენცია შეიცვალა და ონკოლოგიური პაციენტების ასაკი მკვეთრად გაახალგაზრდავდა.
რამდენად აუცილებელია პროფილაქტიკა და რა ასაკიდან?
პერიოდული მონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც კიბოსწინარე მდგომარეობების გამოსავლენად, ასევე ონკოლოგიური დაავადების ადრეულ სტადიაზე საიდენტიფიკაციოდ; ნებისმიერი ქალბატონი, წარმოადგენს პოტენციურ პაციენტს, გამომდინარე აქედან, თავიანთი ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე, მიუხედავად ჩივილისა, საჭიროებენ მამოლოგის კონსულტაციას, მაგალითად ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას და ა.შ; თუმცა, 40 წლის ასაკიდან მამოლოგთან ვიზიტი და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება უნდა გახდეს ინტენსიური ხასიათის (წელიწადში ერთხელ მაინც);
რა საპრევენციო ღონისძიებები არსებობს იმისათვის, რომ მოსალოდნელი პრობლემები ავიცილოთ თავიდან?
ბუნებრივია, ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში პრევენცია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რგოლს და ამაში იგულისხმება პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი; საბედნიეროდ, ჩვენს ქალბატონებს აქვთ საშუალება ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში, რომელიც იძლევა საშუალებას, როგორც ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებაში- რაც ეფექტური მკურნალობის საწინდარია, ასევე კიბოსწინარე პათოლოგიების გამოსავლენად. გამომდინარე აქედან, დროული სამედიცინო რეაგირება მნიშვნელოვნად ამცირებს პოტენციური ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკს; ჩვენი კლინიკის “პ ი ნ ე ო“ ფარგლებში ქალბატონებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ასაკიდან ჩაიტარონ სკრინინგული კვლევები, საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის მომსახურების სერვისს: – ძუძუს კიბოსწინარე დაავადებების კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა; -ძუძუს ონკოლოგიური პათოლოგიის მკურნალობა შესაბამისი მეთოდებით: ქირურგია, სისტემური თერაპია- ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სამიზნე თერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ. გისურვებთ ჯანმრთელობას.