"ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის" საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში დასრულდა ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის მე-9 საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც მსოფლიოს წამყვანი ნევროლოგები და ინსულტის მართვის ექსპერტები გააერთიანა. ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა - 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში ინსულტის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით პირველი შეხვედრა გაიმართა.
წლევანდელი კონფერენცია უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. მასში მონაწილეობა მიიღეს სპეციალისტებმა ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან. მონაწილეებმა განიხილეს ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მიდგომები და გაიცნეს უახლესი კლინიკური გაიდლაინები.
საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა, რომელიც არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაცაა. მისი თქმით, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს საქართველოში ინსულტის მართვისა და პრევენციის სისტემის განვითარებას.
ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჯეიარაჯ პანდიანმა აღნიშნა, რომ ინსულტი გლობალური პანდემიაა და სიკვდილიანობის მეორე მიზეზად რჩება მსოფლიოში. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის დანერგვა საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.
TCD Global-ის პრეზიდენტის, ალექსანდრე რაზუმოვსკის განცხადებით, კონფერენციის მთავარი მიზანია ქართველი ექიმებისა და მკვლევრების ცოდნისა და პროფესიული შესაძლებლობების გაღრმავება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი სასანიამ, აღნიშნა, რომ მედიცინის განვითარება შეუძლებელია უახლესი კვლევებისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე, ხოლო ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ ზრდას.
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს როლს როგორც რეგიონულ ცენტრს ინსულტის პრევენციისა და მკურნალობის მიმართულებით.

