დაავადების შესახებ გვესაუბრება პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ექიმი-ოფთალმოლოგი ნანა ცერცვაძე.
რა არის კატარაქტა?
კატარაქტა არის გარდამავალი სიბრმავის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული დაავადება მსოფლიოში. ეს არის თვალში არსებული ლინზის – ბროლის შემღვრევა და უმეტესად განპირობებულია დაბერების პროცესით. კატარაქტის დროს მცირდება ბროლის გამჭვირვალობა და ელასტიკურობა. როგორც წესი, აღნიშნული ცვლილებები იწყება 40 წლის ასაკიდან და 55–65 წლის მოსახლეობის 4%-ს აქვს კატარაქტა. შემთხვევების რაოდენობა მატულობს ასაკთან ერთად და 80 წლის ზემოთ მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი 93%-ს აღწევს.
კატარაქტის სიმპტომები
კატარაქტის არსებობის შემთხვევაში, პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
- მხედველობის გაბუნდოვნება/დანისვლა
- ღამით მხედველობის გაუარესება
- ფერების სიკაშკაშის შემცირება
- მგრძნობელობის მომატება მკვეთრ განათებაზე
- გაორებული მხედველობა
- განათების გარშემო „ჰალოს“ დანახვა
- წასაკითხად უფრო კაშკაშა შუქის საჭიროება
- სათვალის ნომრის ხშირი შეცვლა/სათვალის შერჩევის გაძნელება
კატარაქტის რისკ-ფაქტორები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კატარაქტა, ძირითადად, ასაკობრივი დაავადებაა, თუმცა არსებობს მთელი რიგი რისკ ფაქტორები, რაც გავლებას ახდენს მის განვითარებაზე ადრეულ ასაკში.
რისკ ფაქტორები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: გარემო ფაქტორები, სამედიცინო და გენეტიკური ფაქტორები.
გარემო ფაქტორებს მიეკუთვნება ის ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებსაც ვსუნთქავთ ან ვიღებთ კვების სახით.
- ჰაერის დაბინძურება
- თამბაქოს მოხმარება
- ალკოჰოლი
- სამრეწველო ქიმიკატები
- პესტიციდები
- მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედება
- რადიაციული თერაპია სხეულის ზედა ნაწილში
სამედიცინო რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება ზოგადი და თვალის პათოლოგიები:
- შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე
- თვალზე ჩატარებული ქირურგიული მანიპულაცია
- თვალის დაავადებები: გლაუკომა, უვეიტი, პიგმენტური რეტინიტი
- ზოგადი დაავადებების ხანგრძლივი მკურნალობა კორტიკოსტეროიდებით, მაგ: რევმატოიდული ართრიტი
არსებობს კატარაქტის განვითარების გენეტიკური რისკ-ფაქტორები. ზოგიერთი გენეტიკური მუტაცია იწვევს თანდაყოლილ კატარაქტას, ზოგი განაპირობებს ბროლის მომატებულ მგრძნობელობას გარემო ფაქტორების მიმართ, რაც დასტურდება ოჯახური ანამნეზით.
კატარაქტის ტიპები
ბროლს აქვს ორმხრივამოზნექილი ლინზის ფორმა და შედგება რამდენიმე შრისგან. ცენტრში მოთავსებულია ბირთვი, რომელიც გარშემორტყმულია ქერქოვანი შრეებით და გარედან დაფარულია თხელი გარსით – კაფსულით. იმის მიხედვით თუ სად ვითარდება შემღვრევა, განარჩევენ კატარაქტის უამრავ ფორმას. ყველაზე ხშირად გვხვდება ქერქოვანი (კორტიკალური), ბირთვული და უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა.
კორტიკალური კატარაქტის დროს შემღვრევები იწყება პერიფერიიდან და პაციენტს გარკვეული დროის განმავლობაში უნარჩუნდება მაღალი მხედველობა, სანამ შემღვრევა არ მიაღწევს ბროლის ცენტრს. საწყის ეტაპზე იცვლება მხოლოდ მხედველობის ხარისხი.
ბირთვული კატარაქტის დროს ბროლის ბირთვი მკვრივდება, ყვითლდება და რეფრაქციული ინდექსის ცვლილების გამო, ხდება თვალის დამინუსება. ასეთი პაციენტები უჩივიან შორ მანძილზე მხედველობის დაქვეითებას, აქვთ დისკომფორტი სათვალის ტარების დროს, მაგრამ შეუძლიათ კითხვა უსათვალოდ.
უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, სხვა ასაკობრივ კატარაქტებთან შედარებით, ყველაზე მეტად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. ვინაიდან თხელი თეთრი შემღვრევა ლოკალიზდება ბირთვის უკან, კაფსულასთან ახლოს, იწვევს როგორც შორი, ისე ახლო მანძილზე მხედველობის დაქვეითებას. ამ ტიპის კატარაქტა ხშირად ვითარდება მიოპებში, სისტემური დაავადებების დროს (წითელი მგლურა) და თვალის ტრავმის დროს.
პედიატრიული კატარაქტა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს მოგვიანებით დაბადების შემდეგ. ძირითადად გვხვდება კატარაქტის ოჯახური ანამნეზი, თუმცა ერთეულ შემთხვევებში მიზეზია თვალის ტრავმა ან თვალის სხვა დაავადების გართულება. პედიატრიულ კატარაქტას ჭირდება დროული ქირურგიული მკურნალობა, რომ არ განვითარდეს ზარმაცი თვალი.
ტრავმული კატარაქტა ვითარდება თვალის ღია ან დახურული ტრავმების დროს. კონტუზიური ტრავმის დროს ვითარდება ბროლის ცენტრალური უბნების შემღვრევა ვარსკვლავისებურად.
მეორადი კატარაქტა
კატარაქტის ეს სახე შეიძლება მივიჩნიოთ როგორც მოგვიანებითი გართულება კატარაქტის ოპერაციის შემდეგ. ამ დროს ბროლის კაფსულაზე, რომელშიც ოპერაციის დროს ჩაჯდება ხელოვნური ბროლი, ვითარდება ღრუბლისმაგვარი ლაქები ან გამჭვირვალე ბუშტუკები, რაც აუარესებს ოპერაციის შემდეგ მიღებულ მხედველობას. მეორადი კატარაქტა უვითარდებათ პაციენტთა 50%-ს ოპერაციიდან 5 წლის განმავლობაში და არ არის დამოკიდებული ხელოვნური ბროლის ხარისხზე და ქირურგის ტექნიკაზე. მკურნალობა ხდება მარტივად საოფისე პირობებში YAG ლაზერით.
როგორ ხდება დიაგნოსტირება?
ოფთალმოლოგთან ვიზიტი და ორი ძირითადი გამოკვლევა საკმარისია კატარაქტის დიაგნოსტირებისთვის. ეს არის ბიომიკროსკოპია, თვალის გარსების დეტალური დათვალიერება მიკროსკოპით და მხედველობის სიმახვილის შემოწმება. თუ შემღვრევა იწყება ბროლის პერიფერიული უბნებიდან, ვიწრო გუგით ვერ მოხდება მისი ვიზუალიზაცია, ამიტომ გამოკვლევის დროს საჭიროა გუგის გაფართოება იმისათვის, რომ სწორად დაისვას დიაგნოზი.
კატარაქტის მკურნალობა
კატარაქტის მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტები, რომლებიც მოწოდებულია ამ დაავადების სამკურნალოდ, მნიშვნელოვან შემაკავებელ როლს ვერ თამაშობს მის პროგრესირებაში. კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა მნიშვნელოვნად გამარტივებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც გულისხმობს უნაკერო ქირურგიას, თვალის გარსების ნაკლებ ტრავმირებას და პაციენტისთვის რეაბილიტაციის უფრო ხანმოკლე პერიოდს.